5 ივლისს დაშავებული ოპერატორი: პრაქტიკულად, ფუნქცია დავკარგე, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ

5 ივლისს დაშავებული ოპერატორი: პრაქტიკულად, ფუნქცია დავკარგე, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ

11-02-2022, 18:50 - 2022
661
       

„პრაქტიკულად, ფუნქცია დავკარგე, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ“, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან მოსამართლეს იმ პირების უმკაცრესად დასჯა მოსთხოვა, ვინც მასზე იძალადა.

ძირს დამაგდეს და დაახლოებით 15-მდე ადამიანი გამისწორდა. შეგიძლიათ, ეს ნახოთ ჩემი გადაღებული მასალიდან, ვიდრე „ლაივუ“ დაზიანდებოდა, ყველა კადრი არის გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ. 

გონს მოვედი პოლიციის მანქანაში, რაციაშიც მესმოდა წივილ-კივილის ხმა, ჩემი ჟურნალისტი ანა ფაცია კიოდა, მგონი მომიკლეს ჩემი ოპერატორიო. 

ჩემი მეუღლე ორსულად იყო და ახლა წარმოიდგინეთ, რომ მოისმენდა, რა დღეში ჩავარდებოდა. 

მე რომ პოლიციას არ გავეყვანე, დამერწმუნეთ, ისე მომკლავდნენ, ვერც-ერთი გაიგებდა ვერაფერს, ისე გამეტებით მირტყამდნენ. ძირს რომ დავვარდი, პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და შემდეგ არაფერი მახსოვს საავადმყოფომდე. 

როდესაც გამომიშვეს საავადმყოფოდან, რამდენიმე დღე ვიყავი სახლში და ისევ ცუდად გავხდი, შემაბრუნეს კლინიკაში. 

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ფაქტობრივად, ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ. ამ ინციდენტის შემდეგ სათვალე მიკეთია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ. 

სამუშაო სპეციფიკაზე რაღა გითხრათ, მაგრამ ყველაფერი შემეცვალა ცხოვრებაში. სამსახურში პრაქტიკულად ფუნქცია დაკარგული მაქვს, დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მაქსიმუმ, Live-ჩართვა გავაკეთო. 

ბატონო მოსამართლე, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ჩემზე იძალადა, უმკაცრესად იყოს დასჯილი, უამრავ აქციაზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ მსგავსი არასდროს ყოფილა. 

თქვენ ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ ახლა“, - განაცხადა  ილია თვალიაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები