მელია ივანიშვილზე - უსამშობლო რუსი ოლიგარქი

მელია ივანიშვილზე - უსამშობლო რუსი ოლიგარქი

12-08-2022, 00:13 - 2022
533
       

„უსამშობლო რუსი ოლიგარქი და მისი პარტია, „რუსული ოცნება“ ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ყოველი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია.

დღეს უსამშობლო კოლაბორაციონისტების პარტიამ, „რუსულმა ოცნებამ“ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს. „რუსული ოცნება" და პირადად ივანიშვილი კიდევ უფრო აღრმავებს ღია დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „რუსული ოცნება“ ღიად და ცილისმწამებლურად ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალებასა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში. მათი აბსურდული მტკიცებით, სამი წლის წინ დაწყებულა მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს.

უსამშობლო რუსი ოლიგარქი და მისი პარტია, „რუსული ოცნება“ ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ერთი მხრივ, საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი, სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან დაპირისპირების ისეთ სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად.

„რუსულ ოცნებას“ ავიწყდება ერთი რამ - ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთისგან კარგად მიჯნავს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და მის ხალხს და ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა თუ ცალკეულ პიროვნებებს. ერთადერთი, რასაც ამით უსამშობლო ივანიშვილი აღწევს, არის ის, რომ პუტინის რეჟიმს უმტკიცებს ერთგულებას. ყოველი თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რეალურად, რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატია.

ვფიქრობ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახლა უკვე კარგად ესმით ივანიშვილის ცუდი ზნის შესახებ. როდესაც მას კორექტულად, დიპლომატიურ ენაზე ესაუბრებიან, მას ჰგონია, რომ თავისი გაიტანა და კიდევ უფრო აგრესიული ხდება და სულ უფრო და უფრო მეტი უნდა. რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უკვე გახსნილად ეწევა რუსულ თამაშს. აქამდე ის შენიღბულად მოქმედებდა და სწორედ ამ შენიღბული მოქმედების შედეგია ის, რომ მას ბოლო დრომდე ჰყავდა მხარდამჭერები, რომელთაც უნდათ თავისუფალი სამყაროს წევრობა, ანუ ევროკავშირი და ნატო.

დღეს მთელმა ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ივანიშვილის მმართველობა და დასავლეთისკენ სწრაფვა სრულიად შეუთავსებელია. ივანიშვილი საქართველოს უკეტავს ევროპის კარს. რაც შეეხება „რუსული ოცნების“ შიშებს მათი რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, გვესმის, რომ შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ ასე ძალიან შორსაც, ოკეანის გაღმაც ნუ იყურებიან. შეუძლებელია, რომ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს არ აღელვებდეთ ვინ არის და ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი სტრატეგიული ინტერესია საქართველო გახდეს ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, მდიდარი და უსაფრთხო სახელმწიფო, მაგრამ პირველ რიგში, ვისიც უნდა ეშინოდეს „რუსულ ოცნებას“, ივანიშვილს ეს არის ქართველი ხალხი, ვინც თქვენ აუცილებლად დაგამარცხებთ, ეს არის ქართველი ხალხი. ვინც მიტაცებულ ხელისუფლებას ჩამოგართმევთ, ესეც იქნება ქართველი ხალხი, თანაც ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი
“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები