„სალომე ზურაბიშვილი რა ლოგიკას მიყვება, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა შეაფასა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივს იმეორებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს.
„სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით, რაიმე გაყალბებასთან, ან რაიმე დარღვევებთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა. შესაბამისად, რა ლოგიკას მიყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, თუმცა გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ის იმ ნარატივს იმეორებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს. მათი მიზანი არის ამ ქვეყანაში რამენაირად სიმშვიდე არ დამყარდეს და მუდმივი არეულობა იყოს. სალომე ზურაბიშვილი, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამე არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც ქვეყნის სტაბილური განვითარება ჰქვია და ეს ნაბიჯიც ამ ლოგიკის გაგრძელებაა“, - განაცხადა სუბარმა.