„მედვედევმა და მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ სოციალურ ქსელში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ „პოსტთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ აუცილებელია მსგავს განცხადებებს უპასუხოს.
„რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას პრეტენზია ჰქონდა, ყოფილიყო ზესახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან მთელ რიგ ხაზზე აქვს სერიოზული ზიანი და მარცხი. სასოწარკვეთილ მედვედევს რა დარჩენია იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი დააკომპენსიროს საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე საუბრით? მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევს წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და ვინმემ აუხსნას მათ, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას იყო ჭაობი, უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით. „ქართულმა ოცნებამ“ კეთილი ინებოს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთოს საქართველოს სახელით, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელი ვართ. ამაზე მეტიც უნდა გავაკეთოთ - იყო ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, რომ საქართველოს სჭირდება თანამედროვე შეიარაღება, ზუსტი და მობილური „ჰაიმარსები“ და არამარტო „ჰაიმარსი“ უნდა იყოს საქართველოში, უნდა იყოს თანამედროვე დასავლური შეიარაღება, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის საფრთხის მოგერიება შეძლოს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.