„ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ მომავალი კვირიდან ოპოზიციის ნაწილი 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს, თალაკვაძე განმარტავს, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამდენად დესტრუქციულად შეხვდა რადიკალური ოპოზიცია ევროპის გზავნილს.
„მოგეხსენებათ, ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, რაც თანამშრომლობას გულისხმობს, პროცესში მონაწილეობას. ევროპული პოლიტიკისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიციის სტილი, მათი მთავარი ხელწერა გახლავთ ქუჩის პოლიტიკა, დესტაბილიზაცია, ინსტიტუტებზე თავდასხმის პოლიტიკა. ვფიქრობ, ევროპარლამენტის დელეგაციამ ამ ორი დღის განმავლობაში ზუსტი შეფასება მისცა რადიკალური ოპოზიციის ამ ქცევას. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ სურთ საქართველოში ნახონ ევროპული, მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. პირდაპირ მოუწოდეს ამ პარტიებს, რომ პროცესში ჩაერთონ და იმუშაონ, მეტი რა უნდა გააკეთონ?! რასაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, ეს არის ანტისისტემური და ანტიდემოკრატიული, არ ჯდება ევროპულ წესებში. პირდაპირ მიანიშნეს ევროპელმა კოლეგებმა. რადიკალური ოპოზიცია თავს პოლიტიკურ „ოფსაიდში“ იტოვებს. ეს მათ აზიანებთ. მმართველი გუნდი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნავს თალაკვაძე.