სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ სუსის დატოვების შემდეგ თქვა, გამოძიება სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო.
„პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როგორც ეს ბრალდებაშია მითითებული, შეეხება 2015-18 წლებში ბატონი სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების პერსონალური მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები არ გადმომცემია და დამიკავშირდება რამდენიმე საათში გამომძიებელი და დღეს ალბათ მოგვიანებით ოფიციალურ მასალებსაც ავიღებ“, - ამბობს ადვოკატი.