„მოდით აქ თქვენი შვილებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის და სამშობლოსთვის“ -  მარგველაშვილი

„მოდით აქ თქვენი შვილებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის და სამშობლოსთვის“ - მარგველაშვილი

19-06-2022, 23:17 - 2022
496
       

„მოდით აქ თქვენი შვილებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის და სამშობლოსთვის“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალების ერთობლივ ეთერში საუბრობს.
 
ის მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდნენ ხვალ, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ჩანიშნულ აქციას - „შინ ევროპისკენ“.
 
მინდა გითხრათ, რატომ უნდა ვიყოთ ერთად. ჩვენ ერთი ბრძოლა წავაგეთ სულ რამდენიმე დღის წინ, ორი დღის წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლა, ჩვენი მთავარი ომი იმისთვის, რომ საქართველოს მივუჩინოთ ადგილი, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის, ეს ომი, რომელიც დაიწყო ჩემმა თაობამ, ჩემზე უფროსმა თაობამ და რომელსაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი ემსახურა ზოგი თავის სიცოცხლით და ზოგი თავისი მოწოდებით, ეს ბრძოლა, ეს ომი გასაგრძელებელია...
 
ამ ომს არ ჰყავს პარტიული ადრესატი. ამ ომის ერთადერთი ადრესატი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც როდესაც ვიწყებდით და აქ ვიდექით 30 წლის წინ, მაშინ არც არსებობდა ის პარტიები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ, ეს ადრესატი ისტორიაში მიდის და ჩვენს წინაპრებს უკავშირდება. რომლებმაც საუკუნეებია ეს ბრტძოლა იბრძოლეს და პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც მაინც, პროპაგანდის თუ სხვა მიზეზის გამო, პარტიული ნიშნით ყოფთ ერთმანეთს. ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, პარტიული ნიშნით - გადადეთ ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ დრამატულია არა თქვენი, არამედ თქვენი შვილების და თქვენი შვილიშვილების მომავალი და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მტკიცედ ვიდგებით როგორც ქართველები და არა როგორც ამა თუ იმ პარტიის ან მხარდამჭერი ან მოკავშირე. გადადეთ ეს გვერდით. ნუ მიპასუხებთ ახლა თქვენს ლოგიკაში და ნუ მეტყვით რაღაცა პასუხებს და სიღრმისეულად ნუ წახვალთ ამაში. ეს პასუხი, რომელსაც ახლა ამზადებთ, ზოგიერთი, რატომ ხვალ არ მოხვალთ - ეს პასუხი გასაცემი გექნებათ თქვენი შვილებისთვის 5 წლის მერე, 10 წლის შემდეგ. მაშინ როდესაც, ისინი დაგისვამენ კითხვას - შენ სად იყავი როდესაც ჩემი ქვეყნის ისტორიული არჩევანი კეთდებოდა?! არა ვიღაცის სასარგებლოდ და ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ის ისტორიული არჩევანი, როდესაც მე საქართველოს ისტორიაზე ვკითხულობ...
 
ხვალ მოდით აქ არავის წინააღმდეგ, თქვენი შვილებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის და სამშობლოსთვის
“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

       
პოპულარული