„პუტინიც ასე ფიქრობს და ლაპარაკობს“, - ასე გამოეხმაურა Twitter-ზე ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
კობახიძემ დღეს EPP-ს „კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება“ უწოდა:
„მოგეხსენებათ, 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას. ძირითადად, სამი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ჰქონდა მას. ეს არის EPP, რომელიც არის კრიმინალური პარტიების ასე ვთქვათ, ევროპული გაერთიანება, სადაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო არიან წარმოდგენილი. EPP-სთვის ღირსების საქმე უნდა იყოს ის, რომ კრიმინალური პარტიები არ იყვნენ მის შემადგენლობაში. საუბარია ნაცმოძრაობაზე და ევროპულ საქართველოზე. შესაბამისად, აქ არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა. ვიდრე ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო რჩებიან EPP-ში ანუ, კრიმინალური პარტიები რჩებიან ევროპულ პარტიაში, მანამდე იქნება სერიოზული პრობლემები“, - განაცხადა კობახიძემ.