„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან დროულია და სწორი“, - ასე აფასებს „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ჯაფარიძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ბარიერები შექმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება ძალიან დროულია და სწორი. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს ავიწროებს და არ აძლევს საშუალებას, რომ ამ მნიშვნელოვან მომენტში ვიზიტები ჰქონდეს უკრაინაში, საფრანგეთსა და პოლონეთში ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის გამოვიყენოთ ეს უნიკალური შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის დაწყების კუთხით. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, მხარს უნდა უჭერდნენ პრეზიდენტის ვიზიტს ყველა ევროპულ დედაქალაქში, განსაკუთრებით იმ დედაქალაქში, სადაც მიიღება გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ჩვენ „ქართული ოცნების“ მხრიდან საპირისპირო ნაბიჯებს ვხედავთ. კიდევ ერთხელ ხდება იმის დემონსტრირება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ბარიერები შექმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.