„ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა, ფრთხილად, ბატონო ირაკლი!“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, იდენტობას და ამ ქვეყნის მომავალს ებრძვის მმართველი გუნდი, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ ლაპარაკობს და ცდილობს ეს საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროს ერთმანეთს, არაფრის გამო, ფსევდოპატრიოტიზმის გამო.
„ქვეყნისთვის ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე, უმუშევრობა, ხალხის წასვლა ამ ქვეყნიდან, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ოკუპაცია, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ყოველ მეორე თვესაა ამ ქვეყანაში, დაპირისპირება, პოლარიზაცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს და გამოსავალს სთავაზობდეს ადამიანებს. ამის ნაცვლად გვესმის მისგან ძალადობის წახალისება, რომელსაც აქვს ქვეყანაში ადგილი და მასთან ერთად ერთგვარი მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი. პირიქით, თურმე, ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში, მეფის და ერეკლე მეორეს კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა. ყველას შევახსენებ - ფრთხილად, ბატონო ირაკლი! კომუნისტებიდან მესმის ეს ტექსტები ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამ პროცესში იმის მიღწევა, რისი მიღწევაც გინდათ“, - განაცხადა სამნიძემ.