„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაწყებული აქვს კამპანია „ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ“.
მან პარლამენტში საუბრისას თქვა, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართველი ხალხისა და ქვეყნის ზიზღით გამოირჩევიან.
„მე მინდა ვისაუბრო შეტევის იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ, თქვენ ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე ქართველი, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე, ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას.
აქ ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი არიან პირველი რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით. ნუ ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანეთო, ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ეს ვიტყვი, რომ არ არის უბრალოდ ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი, ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ნაცმოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.