ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ბორჯომში. ცნობილი ქართული ბრენდის გაფიცული თანამშრომლები და კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სადისტრიბუციო მანქანების მძღოლები გაფიცულებს შეუერთდნენ, დაცვის უფროსი კი მძღოლებს ტრაილერების ქარხნის ეზოში შეყვანას სთხოვდა.
გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ აქციის თბილისში გადატანას გეგმავენ და ამ საკითხზე მუშაობენ.
ბორჯომში პროტესტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება, მუშები გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებასა და ძველი ხელშეკრულებების აღდგენას ითხოვენ. კომპანია დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის და აცხადებს რომ „ბორჯომი“ ახლა დიდ ფინანსურ კრიზისშია.