16 მაისს, გამთენიას, მთვარის სრული დაბნელება იქნება.
დაბნელებას დაინახავენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან, აფრიკიდან და აზიის ზოგიერთი რეგიონიდან.
საქართველოში დაბნელება 06:32 საათზე დაიწყება, 09:11-ზე კი მთვარე უკვე სრულად ჩამუქდება და დედამიწის ატმოსფეროდან მიმავალი სინათლის სხივების გავლენით, მოწითალო აგურისფერი გახდება.
მთვარის სრული დაბნელებისას, დედამიწის თანამგზავრი სავსე ფაზაში იქნება.
გამოცემა BBC წერს, რომ 15-16 მაისის ღამით, დედამიწის ნაწილი „სისხლიან“ სუპერმთვარეს ნახავს.
რა არის მთვარის დაბნელება
მთვარის დაბნელება ხდება მაშინ, როცა დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა, ანუ ციური სხეულები გარკვეულ რიგში განლაგდებიან.
ეს ასტრონომიული მოვლენა, პირველიდან ბოლო ფაზამდე, 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო სჭირდება მთვარეს დედამიწის ჩრდილის სრულად გადასალახად.
რატომ წითლდება მთვარე
სწორედ "სისხლიან" მთვარეს უწოდებენ მთვარის დაბნელებას, რაც დაბნელების დროს მიღებულ მუქ წითელ ფერს უკავშირდება. ეს ვიზუალური ეფექტია რომელიც მაშინ წარმოიქმნება, როცა დედამიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები ატმოსფეროში იფანტება და ნაწილობრივ მთვარემდეც აღწევს.
იმის გამო, რომ სპექტრის ნაწილის ნარინჯისფერი და წითელი სხივებისთვის დედამიწის ატმოსფერო მეტნაკლებად გამჭვირვალეა, მთვარის ზედაპირამდე დაბნელების დროს სწორედ ეს სხივები აღწევს, რის გამოც მისი დისკი წითლდება. სწორედ ამ მიზეზით აქვს წითელი ელფერი მზის ამოსვლას და ჩასვლასაც.