ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ფინანსური მენეჯერის, ლეილა წკრიალაშვილის, ხოლო გორის აუდიტის სამსახურში, სააგენტოს ყოფილ დირექტორის, გელა კაპანაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ.
საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, რომელიც აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გაქრა.
ცნობისთვის, გორის მერიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტმა მძიმე ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. არსებული ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გამქრალია ნახევარი მილიონი ლარი, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხას ფინანსური მენეჯერი, ეტაპობრივად აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა. ეს ის სააგენტოა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის სახლში ცოტა ხნის წინ, ბიტკოინების ქარხანა იქნა აღმოჩენილი.