ორ მაჟორიტარულ ოლქში დღეს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.
პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
სახელისუფლებო კანდიდატს რუსთავში კონკურენტი არ ჰყავს, ბათუმში კი საკრებულოს დეპუტატობისთვის ბრძოლაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მათე ფუტკარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს დაუპირისპირდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.
ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. საუბარია ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ საშუალებებზე, რაც ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. ხარვეზი იყო ბათუმში 23-ე უბანზე, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ჰქონდა პრობლემა. ამის გამო ადგილზე ხმაური იყო. ასეთივე ხარვეზი დაფიქსირდა 76-ე უბანზე.