„ეს რეჟიმი, „ქართული ოცნების“ სახით, უნდა შევცვალოთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს მუშაობას სჭირდება მუდმივი ბრძოლა, რაშიც მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და კონსოლიდაცია.
„ერთი მხრივ, ეს რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით უნდა შევცვალოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ კონკრეტული გზები ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, რაც არ უნდა ქილიკობდეს მავანი, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში ჩვენს ამომრჩეველსა და პოტენციურ ამომრჩევლებთან გვექნება საუბარი, როგორც უნდა დაიძლიოს ქვეყანაში კრიზისი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. მთავარი უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მუშაობას სჭირდება მუდმივი ბრძოლა, დემოკრატია არ არის ის წეს-წყობილება, რომელიც შეიძლება ერთხელ მოიპოვო და მუდმივად შეინარჩუნო ბრძოლის გარეშე. საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა. სახელმწიფო დგას იმ გამოწვევების წინაშე, სადაც ერთობა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.