„ჩვენ ვიბრძვით რუსეთის სუვერენიტეტისთვის“, - ასე აუხსნა თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებს კრემლის მიერ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის მიზნები.
ის ამბობს, რომ ჯარისკაცები „გმირობას იჩენენ“ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს.
„ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია და ის წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ჩვენი სპეციალური ოპერაცია საბაბია დასავლეთის სანქციებისთვის. მათი მიზანია მთელს ჩვენს სამამულო ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს მიაყენონ ზიანი. ხომ გვახსოვს როგორ უჭერდა დასავლეთი მხარს ტერორისტებსა და ბანდიტებს სამხრეთ კავკასიაში. ახლაც სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთის არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში. ეს არის ბრძოლა ჩვენი სუვერენიტეტისთვის. ვიბრძოლებთ, დავრჩეთ რუსეთად“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, უკვე არა ერთი მასალა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ. ისინი აგრძელებენ დაბომბვას მაშინაც კი, როცა ჰუმანიტარული დერეფნებით მოქალაქეები ქალაქებიდან გასვლას ცდილობენ.
ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა არა ერთ ქალაქში არა ერთი საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, ბაღი, სკოლა და სხვა სამოქალაქო დაწესებულება ააფეთქა.
მხოლოდ გუშინ მარიუპოლში მათ თეატრი ააფეთქეს, სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდება თავს. შენობასთან იყო წარწერა „ბავშვები“.