ზუგდიდის მერიამ 2.7 მლნ ლარის ღირებულების ავტობუსები 3.3 მლნ ლარად იყიდა

ზუგდიდის მერიამ 2.7 მლნ ლარის ღირებულების ავტობუსები 3.3 მლნ ლარად იყიდა

3-02-2022, 10:31 - 2022
648
       

ზუგდიდის მერიამ 2.67 მლნ ლარის ღირებულების 15 ავტობუსები 3.33 მლნ ლარად იყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, იმ ტენდერის პირობები, რომლის შედეგადაც მერიამ 15 ავტობუსი ღირებულებაზე ძვირად იყიდა, „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიაზე, „ჯი თი გრუპზე“ იყო მორგებული.

„2019 წელს ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 15 ერთეული ავტობუსის შესაძენად, სავარაუდო ღირებულებით 3.42 მლნ ლარი. ამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „ჯი თი გრუპმა”, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 3.33 მლნ ლარზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზუგდიდის მერიას სავარაუდოდ ხელოვნურად ჰქონდა კონკურენცია შეზღუდული და სატენდერო პირობები მორგებული იყო კონკრეტულად შპს “ჯი თი გრუპის” მიერ შემოთავაზებულ ISUZU Novociti-ის მოდელის ავტობუსებს.

კერძოდ, ავტობუსის ზომებად მოცემული იყო: სიგრძე - არანაკლებ 7500 მმ და არაუმეტეს - 7550 მმ; სიგანე - არანაკლებ 2260 მმ და არაუმეტეს - 2300 მმ; სიმაღლე - არანაკლებ 3300 მმ და არაუმეტეს - 3400 მმ, სადაც ნათლად ჩანს თუ რა მცირე დიაპაზონია განსაზღვრული (50;40,100 მმ) ავტობუსის ზომებისთვის, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მოდელის ავტობუსს ერგება.

გარდა ამისა, სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში წარმოდგენილი იყო ავტობუსის ფერი, მაქსიმალური წონა, ძრავის მოცულობა, ძრავის სიმძლავრე, გამონაბოლქვის ემისიის კლასი, შიდა სიმაღლე და სხვ. ასევე − გადაცემათა კოლოფი, ძრავა და ავტობუსი უნდა ყოფილიყო ერთი მარკის.

ტექნიკური მახასიათებლების ამგვარი დეტალური და თანაც მცირე დიაპაზონით განსაზღვრა ამყარებს ეჭვს, რომ ეს ტენდერი მორგებული იყო კონკრეტული მარკის ავტობუსზე, რომლის დილერიც საქართველოში სწორედ შპს “ჯი თი გრუპი” იყო.

ამავე დროს ამ ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდა კიდევ ხუთი კომპანია, რომელთა უფლება შეიზღუდა, რადგან სატენდერო პირობები მორგებული იყო კონკრეტულ მიმწოდებელზე. ამის შესახებ ისინი სახელმწიფო შესყიდვების საიტის სპეციალურ ველში, შემსყიდველთან მიმოწერის დროსაც ჩიოდნენ და ამბობდნენ რომ კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული, თუმცა ზუგდიდის მერიას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

გარდა იმისა რომ კონკურენცია ხელოვნურად იყო შეზღუდული, ზუგდიდის მერიას ტენდერის გამოცხადებამდე არც ბაზრის კვლევა ჩაუტარებია, რათა დაედგინა, დაახლოებით რა იყო მსგავსი მახასიათებლების მქონე ავტობუსის საბაზრო ღირებულება და ამით მაქსიმალურად დაეზოგა საბიუჯეტო სახსრები. აუდიტის სამსახურს ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, რომ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, თუმცა მიმწოდებლებთან კითხვარი ავტობუსების ფასებზე გააგზავნეს ყოფილი თანამშრომლის ელ-ფოსტით, რომლის პაროლიც ვერ აღადგინეს, შესაბამისად კვლევა ჩატარებული იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ“, - აღნიშნულია „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები