ამერიკის უმრავლესობა, 74% მხარს უჭერს აშშ-სა და NATO-ს თანამშრომლობით უკრაინის ცის დახურვას, რათა ქვეყანა დაცული იყოს რუსეთის საჰაერო შეტევებისგან, - ამის შესახებ „როიტერსი“ კომპანია Ipsos-თან ერთად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს. თეთრმა სახლმა პარასკევს განაცხადა, რომ ის განიხილავს აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას.
გამოცემა იუწყება, რომ ზეწოლა იზრდება ჯო ბაიდენზე, რათა გააძლიეროს ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე ნავთობისა და გაზის მასობრივი ექსპორტის მიმართულებით. ზოგიერთი დასავლელი ლიდერი შიშობს, რომ ასეთმა მიდგომამ შეიძლება გლობალური ენერგეტიკული კრიზისი და კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. თუმცა, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში მოქალაქეთა დაახლოებით 62%-მა თქვა, რომ კრიზისის გამო საწვავსა და გაზში მეტის გადახდა ღირდა სხვა დემოკრატიული ქვეყნის დასაცავად.
უფრო მეტიც, ამერიკელთა 81% ფიქრობს, რომ ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დააწესოს. როგორც „როიტერსი“ წერს, გამოკითხულთა დაახლოებით 77%-მა განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს აქტივები უნდა ჩამოართვას.
ამავე კვლევის თანახმად, ამერიკელთა 74% ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ უნდა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები, ხოლო 72% ფიქრობს, რომ აშშ-მ უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს.