უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მალე ეტყვის ომის გამო ლტოლვილ თავის მოქალაქეებს, რომ საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ.
„დარწმუნებული ვარ, მალე ჩვენ შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა მეგობარი ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება უკვე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ აღადგინოს უკრაინის ქალაქები და ეკონომიკა ომის შემდეგ.
„უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ომის შემდეგ უკრაინის აღდგენისთვის სასწრაფო დახმარებისა და ათობით მილიარდი დოლარის შესახებ. და ეს მხოლოდ პირველი გადაწყვეტილებებია. ხაზს ვუსვამ ამას - მხოლოდ პირველს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.