მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
ეს ერთ-ერთია იმ სიახლეთა შორის, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.
არსებული კანონით, მასწავლებელს, რომელიც სკოლიდან მოსწავლის მიმართ ძალადობის ფაქტის გამო გათავისუფლდება, არ აქვს შეზღუდვა იმისა, რომ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს.
ინიციატივის ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. უწყების განმარტებით, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეჭვქვეშ აყენებს მის უნარს, უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო უზრუნველყოს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მსგავს შემთხვევებში მასწავლებლის/ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლის სასკოლო სივრცეში დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების რისკებს ქმნის და სკოლისადმი საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტშია. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

















