საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ოპოზიციური ლიდერები ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ.
პროკურატურა ასევე ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.
„გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“, - აცხადებს მთავარი პროკურატურა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.











