შიდა ქართლში უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ამოღების შემდეგ შსს-ს მიერ დაკავებული დანაშაულში თანამონაწილე 7 პირიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია.
ინფორმაციას სამთავრობო მედია „TV იმედი“ ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ქართული და უცხოური ბრენდული სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ, არაყი „ბელუგა“, „ბელვედერი“,„გრეიგუსი“, ვისკი „ბორკანი“ და „ჩივას რეგალი“.
უწყების ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო სასმელების და სიგარეტების სარეალიზაციო ღირებულებამ, შესაძლოა, მილიონობით ლარი შეადგინოს.
გამოძიება სსკ-ს 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.