მოშიმშილე მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ამ დრომდე ელოდებიან განმარტებას, როდის გადაუხდიან ოთხი თვის კუთვნილ ხელფასს.
ამის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი.
არ იცვლება მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლების შესახებაც. მაღაროლები უკვე თვებია ითხოვენ კობახიძესთან შეხვედრასაც, თუმცა უშედეგოდ.
„არის შიმშილობის 23 დღე. 8 მაღაროელი ვშიმშილობთ და ერთი მაღაროელი, მათ შორის, მერაბი სარალიძე ციხეში ზის და იქ აგრძელებს შიმშილობს. 3620 დასაქმებულის ნაცვლად, კომპანიამ დაასაქმა მხოლოდ 1500. დანარჩენი 2000-ზე მეტი მაღაროელი, უბრალოდ, ზის სახლში ერთადერთი იმედით, რომ გათავისუფლების შემდეგ დაურეკავს კომპანია და ისევ აღაადგენს სამსახურში. ამავდროულად, არ დარიცხულა 4 თვის ხელფასები. ზონებად არის დაყოფილი ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა, მაგრამ არ გაუშვეს სამსახურში. როდესაც მოიკითხეს თავისი ამბავი, უთხრეს, რომ თქვენ წითელ ზონაში ხართ. წითელი ზონა ნიშნავს, რომ არ არის ოცნების ამომრჩეველი, არ არის ოცნებს პოლიტიკის მატარებელი და ამიტომ სამსახურშიც ვერ დაიწყებს მუშაობას“, - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი.
გუშინ, შიმშილობის 22-ე დღეს ერთ-ერთი მაღაროელი იმდენად შეუძლოდ გახდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ის უგონო მდგომარეობაში იყო, თუმაც დღეს ის ისევ შიმშილობას აგრძელებს.
მოშიმშილეები ახლა 17 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს ელოდებიან, სადაც უნდა გადაწყდეს დაკავებული მაღაროელების საკითხი. თუ მოსამართლე დაკავებულ მაღაროელებს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებს, ჭიათურაში პროტესტი არ შეწყდება, თუმცა მაღაროელები შიშილობას შეწყვეტენ.