ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს | ერთის მდგომარეობა მძიმეა

ჭიათურაში 6 მაღაროელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს | ერთის მდგომარეობა მძიმეა

დღეს, 13:28 - 2025
77
       

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მე-15 დღეა შიმშილობს, ბოლო ორი დღე კი წყალსაც აღარ იღებს. ის 3 ივლისს ცუდად გახდა, თუმცა ტარიელი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეც.
 
მასთან ერთად შიმშილობენ სხვა მაღაროელებიც: შავლეგ გოგსაძეს, გოგა მოდებაძეს, მირზა ლოლაძეს პირი აქვს ამოკერილი. მირზა ამავდროულად მშრალად შიმშილობს. სიმონ მიქაცაძე და ჯანიკო ლაბაძე მხოლოდ წყალს იღებენ, ტარიელ მიქაცაძე კი მშრალ შიმშილობაზეა.
 

„მოვიდა სასწრაფო, პოლიციაც, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ როცა ადამიანი უარს ამბობს რაიმე სამედიცინო ჩარევაზე, სამედიცინო პერსონალს უფლება არ აქვს იძულებით მიაღებინოს რაიმე მედიკამენტი ან გაუწიოს სხვა ტიპის დახმარება. და ველოდებით ასე, ყველა ერთად მდგომარეობის გაუარესებას. ეს ყოფილა მაგათი კანონი“, - ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი ჯიქიძე.

 
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ - 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა, თუმცა კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდის და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებს.
 
მაღაროელების პროტესტი 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა - უშედეგოდ.
 
პროტესტის ლიდერთა ნაწილი - მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს - მასში მონაწილეობას.
 
მაღაროელების თქმით, პატიმრობაში შიმშილობს მერაბ სარალიძეც.
 
პროტესტში მყოფ მაღაროელებს „ჯორჯიან მანგანეზი“ მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის პირობებზე დათანხმება.

ფოტო:Batumelebi

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები