„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: „დიახ - 54,5 %, არა - 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2%“.
კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%.
რეგიონებში კი 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 22,3% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. გამოკითხულთა 23,2% თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ არის.
ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზაობა მოსახლეობაში/ამომრჩევლებში მაღალია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
ISSA-ს კვლევა აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ემხრობა.
კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია რეგიონებში.
კვლევის ერთ-ერთი შეკითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეეხებოდა. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:
საქართველოს მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო 45%-ს მიაჩნია რომ არ არის ლეგიტიმური.
კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კერძოდ, რეგიონებში მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია ლეგიტიმურად, ხოლო თბილისში 45%-ს. რაც შეეხება არალეგიტიმურობას რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 45% ამბობს, რომ არალეგიტიმურია, ხოლო თბილისის 40%.
გარდა ამისა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.