განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

დავით ბაქრაძე - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებენ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში

დავით ბაქრაძე - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებენ ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში
18-04-2021, 21:09
ავტორი: მერი ტაბატაძე

ოპოზიციონერ დავით ბაქრაძის განცხადებით, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ.

ბაქრაძის თქმით, ახალ დოკუმენტში პრობლემურია რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რადგან საუბარია ადგილობრივ არჩევნებზე მიბმაზე. მისი თქმით, ალოგიკურია 43%-იანი ზღვარიც. ბაქრაძე განმარტავს, რომ პრობლემური ნაწილის მიუხედავად, ახალ დოკუმენტს სერიოზულად განიხილავს.

„დოკუმენტში შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, საუბარია მკაფიოდ, ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ მიიღო ის, რასაც ითხოვდა. ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. არჩევნების საკითხზე მოხდა ჩაწერა, საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმაზე. მე გეტყვით გულწრფელად, რომ ახლაც მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არს საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ხოლო 43% არის ალოგიკური რიცხვი, რადგან ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რაც ოცნებამ აიღო. ჩემთვის ამ დოკუმენტში გახლავთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ყველამ მოვისმინეთ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება. მიმაჩნია, კატასტროფულად ამ ქვეყნის მომავლისთვის, რომ ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს და პროდასავლური ნიშა არადასავლურმა ქართულმა ოცნებამ დაიკავოს. ამიტომ ჩვენი მომავალი წარმატებისთვის, გადამწყვეტია დასავლეთის მხარდაჭერა, ამიტომ ამ დოკუმენტს სერიოზულად განვიხილავ", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 128-ჯერ
კომენტარები