განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ საჩივარი მასალების ამოღებაზე არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“  საჩივარი მასალების ამოღებაზე არ დააკმაყოფილა
23-03-2021, 21:15
ავტორი: მერი ტაბატაძე

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ საჩივარი მასალების ამოღებაზე არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.

გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში განჩინების დეტალებსაც ასაჯაროვებს.

„2021 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ "TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი -ის" საქმეზე ჩემს მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მის მიერ მიღებულ განჩინებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ვფიქრობ საზოგადოებამ უნდა იცოდეს:

1. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საჩივარი დასაშვებად სცნო. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კანონის ჩანაწერი, რომელიც საჩივრის წარდგენას შესაძლებლად მხოლოდ განჩინების აღსრულებიდან 48 საათში იძლეოდა, ამ კონკრეტული დავის განხილვისას ვერ გამოდგებოდა, რადგან განჩინება ისე ჩაგვბარდა, რომ მისი აღსრულება არ მომხდარა და ცხადია ვერ დაველოდებოდით ამ მომენტის დადგომას, რათა სასამართლოსთვის მიგვემართა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ეს ლოგიკა და როგორც უკვე აღვნიშნე, საჩივარი დასაშვებად სცნო, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა;

2. ის ფაქტი, რომ ლაშა კლდიაშვილის მიერ გამოცემულ განჩინებაში, კანონის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, არ ეწერა განჩინების ადრესატი (ანუ ვის მიმართ იქნა გამოტანილი), სააპელაციო სასამართლომ ძალიან არადამაჯერებელი და უფლებებისთვის საზიანო განმარტებით "გააუბრალოვა". სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ პროკურატურის შუამდგომლობას თან ერთვოდა რა იურიდიული პირის შესახებ ამონაწერი (რაც ცხადია ჩვენ არ ჩაგვბარებია), დგინდებოდა ვინ იყო ამოღების ადრესატი. ხოლო ის ფაქტი, რომ პროკურატურამ ჩვენ გადმოგვიგზავნა განჩინება და ჩვენ ის გავასაჩივრეთ, მიანიშნებს, რომ ჩვენთვისაც ცხადი გახდა, ვისზე ვრცელდებოდა განჩინება;

ეს მსჯელობა ცალსახად კანონსაწინააღმდეგო და ალოგიკურია, რადგან კანონი სასამართლოს არაორაზროვნად სთხოვს განჩინებაში მიუთითოს ვის მიმართ არის გამოტანილი ის და თუ რა ერთივს პროკურატურის შუამდგომლობას, არაარსებითია. კანონი ამ მოთხოვნას პროკურატურის თვითნებობის შესაზღუდად აწესებს. მაგალითად, იგივე განჩინება პროკურატურას წარმატებით შეეძლო გადაეგზავნა Nodar Meladze-სთვის, მაკა ჩიხლაძე-სთვის, ტელევიზიის რომელიმე მემონტაჟისთვის, რადგან მასში არ ეწერა ადრესატი და გამოვიდოდა, რომ ის სწორედ მათ მიმართ არის გამოცემული. სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ ამაზე თვალი დახუჭა.

3. სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასმაართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის "სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი" და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში. სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი. ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და "თავიდან მოიშორა" საკითხის ამ ნაწილში შესვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყევტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია;

4. სასამართლომ განჩინების ბოლო ნაწილში მიუთითა, რომ საჩივარში არასწორად გამოვიყენეთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ("Roemen and Schmir v. Luxembourg), რადგან ის საქმე "ჩხრეკას" ეხებოდა, ხოლო აქ სახეზე "ამოღება" იყო. ცხადია, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ზემოხსენებული ქეისი ჩხრეკას ეხებოდა, მაგრამ მოწყობილბის ამოღება, რომელზეც სავარაუდოდ პროკურატურა ექსპერტიზას დანიშნავდა, რათა დაედგინა რაიმე სხვა ფაილი თუ ყოფილა მასზე ოდესმე ჩაწერილი და ამით წყაროზე გასვლას შეეცდებოდა, შინაარსობრივად (და არა ფორმით) სხვა არაფერია თუ არა ჩხრეკა. სამწუხაროა, რომ სასამართლო ამ ლოგიკას ვერ ჩაწვდა.

5. სასამართლომ ცხადი განმარტება გააკეთა, რომ სსსკ-ის 50-ე მუხლის მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით და ჟურნალისტისგან მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამოღების შეუძლებლობასთან, ისე თავად გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ფარგლებთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილი ლოგიკა საკამათოა;

არ მინდოდა ეს საკითხი დროში ჩაკარგულიყო და საზოგადოებას არ სცოდნოდა ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ცხადია, ზემომოცემული ტექსტი განჩინების ჩემეული აღქმაა, ამიტომ ამ პოსტს თან ვურავ სასამართლოს განჩინებას, რათა შესაძლოა ვინმემ ის სხვაგვარადაც წაიკითხოს“, - წერს გიორგი მშვენიერაძე.

გაზიარება
მოინახულეს 176-ჯერ
კომენტარები