განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

„ბლექ სი გრუპმა“ 2011-2020 წლებში თითქმის 490 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ფლანგვის დეტექტორი

„ბლექ სი გრუპმა“ 2011-2020 წლებში თითქმის 490 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ფლანგვის დეტექტორი
1-12-2020, 22:09
ავტორი: მერი ტაბატაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორში“ აცხადებენ, რომ „ბლექ სი გრუპმა“ 2011-2020 წლებში 489 994 921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84 310 547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2015-2018 წლებში კომპანიის შემოსავლების 80%-მდე მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა იყო.

ასევე, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი კალანდაძე, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო დირექტორის ოჯახის წევრები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

„შპს კომპანია ბლექ სი გრუპი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა გზების მშენებლობის სფეროში.

შპს კომპანია ბლექ სი გრუპი სახელმწიფო ტენდერებიის ერთ-ერთი ლიდერია. კომპანია ბლექ სი გრუპი 2011 წლიდან ჩნდება ელ.ტენდერებში, როგორც ირკვევა მას 200-ზე მეტ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. კომპანიას სახელმწიფო ტენდერების გზით ჯამში 489,994,921 ლარი აქვს მიღებული, 9 წლის განმავლობაში. აქედან, 80 მლნ. ლარზე მეტი (84,310,547 ლარი) კომპანიამ პირდაპირი შესყიდვის გზით მიიღო.

2011-2020 წლებში კომპანია ბლექ სი გრუპმა სულ 343 ელ.ტენდერში მიიღო მონაწილეობა, აქედან, მხოლოდ 76 შემთხვევაში გახდა გამარჯვებული, 22 შემთხვევაში კი ტენდერი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა. კომპანიამ 171,162,829 ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკონკურენტოდ მიიღო.

კომპანია ბლექ სი გრუპის დამფუძნებლები არიან ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე. ამირან მამუჭაძე არის ასევე ამ კომპანიის დირექტორი. ხოლო კომპანიის წილის მფლობელები არიან შპსპ ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. გიორგი კალანდაძე კომპანია “შპს ძველი დედაქალაქის” 90%-იანი წილის მფლობელია, ბექა ოდიშარია კი 10%-ის. დეპუტატი ბექა ოდიშარია „ქართული ოცნების“ შემომწირველია, მას ჯამში 100,000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის.

რაც შეეხება, კომპანია ბლექ სი გრუპის დირექტორს, ამირან მამაუჭაძეს, ის ირიბად არის დაკავშირებული პარტია „ქართულ ოცნებასთან“. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრები (ძმა და მამა) მმართველი პატიის შემომწირველები არიან. ამირან მამუჭაძის ძმა ნუგზარ მამუჭაძე კომპანია ბლექს სი გრუპის 75% წილის მფლობელი ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. მან 2016 წლის 26 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. „ქართული ოცნების“ შემომწირველია ასევე გურამ მამუჭაძეც, ამირან და ნუგზარ მამუჭაძეების მამა. გურამ მამუჭაძემ უკვე ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას.

ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრებმა ჯამში 100,000 ლარი შეწირეს პარტია ქართულ ოცნებას.

კომპანიის შემოსავლები წლების მიხედვით:

საინტერესოა კომპანიის მთლიანი შემოსავლის რა ნაწილს შეადგენს სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებული თანხა. კომპანია ბლექ სი გრუპის მთლიანმა შემოსავალმა 2015-2018 წლებში ჯამში 371,992,000 ლარი შეადგინა. კომპანიამ ამავე წლებში 291,771,945 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა სახელმწიფო სტრუქტურებთან. შესაბამისად, ნათელია რომ სახელმწიფო ტენდერებით მიღებულ შემოსავალს კომპანიის მთლიანი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია და კომპანიის საქმიანობის ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ტენდერბზეა დამოკიდებული“, - აცხადებენ „ფლანგვის დეტექტორში“.

გაზიარება
მოინახულეს 177-ჯერ
კომენტარები