ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, დღეს, 9 მაისის „სამხედრო აღლუმისთვის“ მოსკოვში ჩავიდა. მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კრემლში მოლაპარაკებები გამართა.
მოგვიანებით მათ ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს, პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანენ და „გადამწყვეტად“ დაუპირისპირდებიან შეერთებული შტატების გავლენას.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში „ურთიერთობის განვითარების“ შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია უკრაინაზეც.
„უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის, აუცილებელია მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა“, - წერია დოკუმენტში.
ძინპინისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი ჩინურ ბიზნესებთან ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად დაახლოებით 3,5 ტრილიონი რუბლის გამოყოფას გეგმავს, რაც 42 მილიარდ დოლარზე მეტია.