რუსეთში დაფუძნებული ლუდსახარში AB InBev Efes-ი „ნატახტარის“ ლიმონათის რუსეთში წარმოებას იწყებს.
„ჩვენ ნატახტარის რუსულ ქარხნებში წარმოება დავიწყეთ. ეს არის ახალი ნაბიჯი ჩვენი ლეგენდარული ბრენდების პორტფელის განვითარებაში“, - თქვა AB InBev Efes-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი ტიურნიკოვმა და დაამატა: „ნატახტარის ლოკალიზაცია სტრატეგიიული ნაბიჯია, რომელიც პროდუქტს რუსი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს გახდის, ამასთან ერთად კი შენარჩუნებული იქნება მისი გემო და ხარისხი“.
ტიურნიკოვის თქმით, რუსეთის ბიუჯეტში დამატებითი საგადასახადო და აქციზური შემოსავლები მხოლოდ წარმოების დაწყების პირველ წელს დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს მიაღწევს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ნატახტარის ლიმონათის რუსეთში წარმოების დაწყება განპირობებულია უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე არსებული მზარდი მოთხოვნით.
რუსეთში ნატახტარის ლიმონათის წარმოება ივანოვოსა და ომსკის ქარხნებში მიმდინარეობს. გაყიდვა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.
სს „ლომისის“ მიერ დაფუძნებული ლუდსახარში „ნატახტარის“ 100%-იანი წილი 2008 წელს თურქულმა კომპანია Anadolu Efes-მა შეიძინა.
2018 წელს Anadolu Efes-მა და ბელგიაში დაფუძნებულმა AB InBev-მა რუსეთში აქტივები გააერთიანეს და დააფუძნეს АВ Inbev Efes-ი. 2022 წლის აპრილში AB InBev-ში განაცხადეს, რომ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთში დაფუძნებული კომპანიიდან საკუთარი წილის გაყიდვას აპირებდნენ. განიხილავდნენ საკუთარი 50%-ის თურქეთში დაფუძნებული პარტნიორისთვის, Anadolu Efes-ისთვის გადაცემას. რუსეთში დაფუძნებული АВ Inbev Efes-ი პროდუქტს უკრაინაშიც აწარმოებდა. 2024 წლის აგვისტოში რუსეთის მთავრობამ უარი თქვა, რომ Anadolu Efes-ს АВ Inbev Efes-ზე სრული კონტროლი გადასცემოდა. ამავე წლის ოქტომბერში კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ ერთობლივი ბიზნესს გაიყოფდნენ და Anadolu Efes-ის რუსეთში წარმოებას შეინარჩუნებდა, ხოლო AB Inbev-ი უკრაინაში. შესაბამისად, Anadolu Efes-ი რუსეთში AB Inbev-ის წილს მიიღებდა, ხოლო AB Inbev-ი უკრაინაში Anadolu Efes-ის წილს.
2024 წლის ბოლომდე AB InBev Efes-ი რუსეთში რჩებოდა ერთ-ერთ ბოლო ლუდსახარშ კომპანიად, რომელსაც უცხოური ბიზნესი მართავდა, თუმცა 30 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით კომპანია ГК Вместе-ს „დროებით მმართველობაში“ გადავიდა. ГК Вместе-ს მფლობელი იყო ნიკოლაი ტიურნიკოვი, რომელიც, შესაბამისად, AB InBev Efes-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
ГК Вместе პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებითა და ფინანსური შუამავლობის საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებით იყო დაკავებული. 2023 წელს კომპანიის ზარალი 7.23 მილიონ რუბლს უტოლდებოდა.