ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სხდომაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
„პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც“, - თქვა ბიბილოვმა.
მედიის ცნობით, ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.