ხაბეიშვილი: ოფისის დარბევის დროს აქ ვიყავი 14 წლის შვილთან ერთად

ხაბეიშვილი: ოფისის დარბევის დროს აქ ვიყავი 14 წლის შვილთან ერთად
1-06-2024, 13:26 - 2024
3 509

„ენმ“-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა პარტიის ცენტრალურ ოფისზე გასულ ღამეს თავდასხმა მოხდა, ის შიგნით, 14 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. 


ხაბეიშვილის თქმით, ნიღბიანი პირები ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. 

ხაბეიშვილი მომხდარის უკან ხელისუფლებისა და ოლიგარქ ივანიშვილის დაკვეთას ხედავს და ამბობს, რომ ყველაფერი სუს-ისა და პოლიციის მიერაა დაგეგმილი

„100-მდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა და პირდაპირი მნიშვნელობით დალეწეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი და ცდილობდნენ შიგნით შემოჭრას, სადაც ვიყავი ჩემს 14 წლის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ხის შუბებს ესროდნენ ოფისს და ჩალეწეს ყველაფერი. 

ეს არის, როცა სალაპარაკო არ აქვს ივანიშვილს, ასეთ რაღაცებს გეგმავს ჩუმად, ღამით მოპარვით. ეს არის ის ენა, რითაც სურს ივანიშვილს ელაპარაკოს ქართველ ხალხს. პოლიცია მოვიდა ერთი საათის შემდეგ. ეს არის პოლიციასთან, სუს-თან ერთად დაგეგმილი ოპერაცია. პოლიცია ყველაფერს უყურებდა, ყველა ავტომობილის ამოცნობა არის შესაძლებელი.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ერთი წამითაც არ უნდა შეგვეშინდეს. ძლიერი ასე არ იქცევა. ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ხალხზე ასე არ იქცევა, ასე იქცევიან სუსტები, მხდალები ანუ ივანიშვილი და მისი ბანდა. ასე იქცევიან რუსეთში.

მთავარი გველოდება წინ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ივანიშვილის „ტიტუშკების“ არავის არ ეშინია. მოახლოებულია მათი დასასრული, იციან ეს და სალაპარაკო მათ არაფერი დარჩენიათ, მხოლოდ ძალადობა და მეტი არაფერი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა