ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

12-02-2022, 16:51 - 2022
1 536
       

შრომის ინსპექციის განცხადებით, შპს „საქნახშირის“ ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია. 

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე.

„შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას. მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება.

შრომის ინსპექციის სამსახურის, ძირითად მიზანს დასაქმებულთა უფლებებისა და შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების პრაქტიკაში რეალიზება წარმოადგენს. აქტიური ინსპექტირების შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი. აღნიშნულის მიუხედავად , მთელს მსოფლიოში სამთო-მოპოვებითი მრეწველობა მიეკუთვნება განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "საქნახშირმა" ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით,  შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  კომპანიას   დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაავალა. შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთო-მოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, კომპანიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებიდან გამომდინარე, შახტში მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.

„პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში  უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს.  შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები“, - აღნიშნულია შრომის ინსპექციის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები