იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატის, Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის წევრის, მატეო დალოსოს ორგანიზებით ონლაინ პრეზენტაციაზე ოკუპირებული აფხაზეთის საკითხი განიხილეს. პრეზენტაციაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია, აფხაზეთის თვითგამორკვევის საკითხზე იმსჯელეს.
მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმებს არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა „დამოუკიდებელი“ სუბიექტის იმიჯის განმტკიცების მიზნით პროპაგანდისტული ნაბიჯებისა, რომელიც, როგორც წესი, კრახით სრულდება.
„საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადგილი აქვს მორიგ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელიც მოკლებულია ყველანაირ რეალურ განხორციელებას. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი დეპუტატი, ვალენტინო ვალენტინი. მისი თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს არ აღიარებენ.
„შევიტყვეთ დეპუტატ დალოსოს მიერ დღეს გამართული პრესკონფერენციის შესახებ, რომლის თემა იყო „ხალხთა თვითგამორკვევის უფლება: შესათანხმებელ პრინციპებსა და იდენტობის დაცვას შორის. აფხაზეთი და დიდი ევროპა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ საქმე ეხებოდა დეპუტატ დალოსოს გამოკვეთილად პირად ინიციატივას, რაც არ ასახავს არც იტალიის სახელმწიფოს და არც პარტიის Forza Italia პოზიციას. ჩვენი ქვეყნის მიერ მუდმივად გატარებულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს, არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად“, - ნათქვამია განცხადებაში.