„ჩვენ ვართ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ მეტად სცემს პატივს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს“, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის სხდომაზე.
ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ მათი პარტიის წევრის არჩევის შემდეგ, „ოცნებამ“ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რაც უკვე არის არადამაჯერებელი.
„საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ უკვე მესამე მუნიციპალიტეტში, ამ შემთხვევაში რუსთავში, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, ბატონი შეროზია.
მე მათ და ჩვენს გუნდს ვუსურვებ წარმატებას, პირველ რიგში, რუსთავისთვის და რუსთაველებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, ისევე, როგორც წინა სერიებში ვიხილეთ, „ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ ვართ თითქოს რაღაც ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ეს უკვე არადამაჯერებელია არა მხოლოდ თქვენი არამხარდამჭერებისთვის, არამედ თქვენივე მხარდამჭერებისთვისაც, რადგან ფაქტები და დრო, მეგობრებო, თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს.
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს რეალობა ძალიან მოკლედ და მარტივად ვუთხრა. როგორც კი არჩევნები დასრულდა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უმრავლესობა, თქვენ იცით, ძალიან საჯაროდ, ისინი ამბობდნენ, რომ არ შეეგუებოდნენ ამ ახალ რეალობას და გააკეთებდნენ ყველაფერს, იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნურად შეეცვალათ.
საბოლოო ჯამში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში „ქართულმა ოცნებამ“ განიზრახა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს და ამ მიზნისთვის ის ეცადა, რომ შეექმნა ხელოვნური კრიზისი და საბოლოო ჯამში, აქაც ოპოზიციური სპექტრი, ფაქტობრივად იძულებული გახდა, რომ ჩვენი გუნდის კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, არა იმიტომ, რომ მათ მოსწონთ ძალაუფლების ჩვენთან გაყოფა, არამედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ საბოლოო ჯამში გაიტანდა თავისას და ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა, ანუ ხელოვნურად ეცდებოდა ახლებური რეალობის შექმნას.
ეს არის მარტივი რეალობა, რომელიც ზედაპირზე ცხადად ჩანს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.