„გავრილოვის ღამიდან“ 6 წლის შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მინისტრი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, 20 ივნისის კონტექსტში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს პირველად ახსენებს.
განცხადება გახარიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც თეა წულუკიანის ე.წ. კომისია დაინტერესდა, რატომ იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში გერმანიის მაშინდელი ელჩი, ჰუბერტ ქნირში.
„შეიძლება გარეთ უფრო სახიფათო ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინდელმა სუს-ის ხელმძღვანელობამ ასეთი რამ არ მირჩია. საერთოდ რომ გესმოდეთ ელჩი, უფრო შორსაც შემიძლია წავიდე, სახელმწიფოს მიერ დაცული პიროვნებაა და იმის მაგივრად სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს იქ წინა ხაზზე რო არ ერბინა და კამერებზე რომ არ გამოჩენილიყო და წინა ხაზზე რო არ ყოფილიყო ელჩისთვის მიეხედა, უკეთესი იქნებოდა“, - განცხადა გახარიამ ანზორ ჩუბინიძეზე.
მანამდე გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ გერმანიის ელჩი 20 ივნისს პარლამენტში იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით არ იცის ვინ შეუშვა იქ.
„გერმანიის ელჩი მაშინ იმყოფებოდა შენობაში, ის იყო შენობაში, გერმანიის ელჩი აღმოჩნდა შენობაში მას შემდეგ რაც, როდესაც დაიწყო შტურმი, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს დავავალეთ, ამ დეპარტამენტმა ყველა ელჩს საქართველოში შეატყობინა, რომ ოპოზიციამ დაიწყო ფიზიკური შტურმი პარლამენტზე. გერმანიის ელჩი ადგა და მოვიდა, ვინ შემოუშვა პარლამენტის შენობაში წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, 20 ივნისს, დარბევის ღამეს ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმთან ერთად კამერებში ჩანს, ის სპეცრაზმის შორის მოძრაობს და ვითარებას აკონტროლებს. კადრები გადაღებულია, მაშინ, როდესაც სპეცრაზმელები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს ესროდნენ.