გახარია: მოხდა საბოტაჟი, შს მინისტრმა დრო იხელთა, ქართულ საგუშაგოებზე რუსული დროშა გაჩნდა

გახარია: მოხდა საბოტაჟი, შს მინისტრმა დრო იხელთა, ქართულ საგუშაგოებზე რუსული დროშა გაჩნდა

გუშინ, 18:34 - 2025
237
       

„პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს, ამის შემდგომ, მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს, 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. აი, ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები, იმ კოორდინატებზე, რომელზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
 
გახარიამ მოუწოდა წულუკიანს, რომ შეიქმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდს გამოიძიებს, რადგან მისი თქმით, იმ საგუშაგოებზე ქართული დროშების ნაცვლად, რუსული დროშები ფრიალებს, ამაში კი გახარიამ გდდ და სუს-ი დაადანაშაულა.
 

„რაც შეეხება ამ საგუშაგოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ამაზე მინდა, რომ ბატონმა ტაბატაძემ ყურადღებით მომისმინოს. რეალურად, ამ გეგმით, იქ უნდა გაკეთებულიყო შვიდი საგუშაგო. პირველი საგუშაგო გაკეთდა 24 აგვისტოს. ამის შემდგომ, მე წარდგენილი ვიყავი პრემიერობის კანდიდატად 3 სექტემბერს. 8 სექტემბერს მე ვიყავი დამტკიცებული საქართველოს პრემიერად. აი, ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები, იმ კოორდინატებზე, რომელზეც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის საგუშაგოები. მე გეუბნებით, რომ მოვა დრო, როდესაც შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ მოხდა შეფერხება იმ გეგმის დასრულების, რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა ეს გზა, რა გააკეთა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადასულმა გომელაურმა იმისთვის, რომ ეს პროცესი გაეჩერებინა და გეგმა არ მიეყვანა ბოლომდე, ან რა გააკეთა მაშინ სუს-ში დამტკიცებულმა თუ მოადგილის ფუნქციით მოვალეობის შემსრულებელმა ლილუაშვილმა მაშინ, როდესაც ამ ყველა წერტილზე, რომელსაც თქვენ დღეს ამაყად აფრიალებთ რუსეთის დროშებით,უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგო. რაღაც მომენტში, როდესაც ეს გარდამავალი ეტაპი ხდებოდა, მაშინ მოხდა ამ გეგმის საბოტაჟი და ეს იყო, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, პირველი სერიოზული კონფლიქტი ჩემსა და სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის, იმიტომ, რომ ის გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და რუსული დროშების მაგივრად დღეს იქ ქართული დროშები უნდა ყოფილიყო, ეს იყო გდდ-სა და სუს-ის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლის სრულად განხორციელების პირობებში, ეს საკითხი, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, საერთოდ არ იქნებოდა. მოგიწოდებთ, რომ შექმნათ კიდევ ერთი კომისია. ეს კომისია ხომ „ნაცებისთვის“ შექმენით. შექმნათ კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც იყო საქართველოს მხრიდან შემუშავებული და რომელსაც სრულად უნდა გაეკონტროლებინა საზღვარი, დღეს არის რუსების მიერ ჩადგმული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 
აღნიშნულზე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა მიმართა და ჰკითხა, თუ საგუშაგოების ჩადგმა კარგი ნაბიჯი იყო, პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან რატომ არ გააგრძელა დაწყებული საქმე.
 
„ჩვენ ახალ კომისიას, რა თქმა უნდა, არ შევქმნით და ამ კომისიის ფარგლებში დავადგენთ იმ ფაქტებს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. სასაცილო ამბავს ვისმენ - თურმე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც აგვისტოს ბოლოს, ისე რომ, ეგონა, რომ ეფექტური კონტროლი აღარ აქვს ქვეყანას მოცემულ ტერიტორიაზე, გადადგა ნაბიჯი საგუშაგოს დასადგმელად, გეგმავდა კიდევ ექვსი საგუშაგოს ჩადგმას, ამ დროს გადაინაცვლა პრემიერ-მინისტრის სკამზე და მას, ვინც გახდა ყველაფრის ხელმძღვანელი, აქვს პრეტენზია ვინმე სხვასთან, როდესაც თქვენ გახდით ყველაფრის პასუხისმგებელი. რატომ არ გააგრძელეთ საგუშაგოების ჩადგმა, თუ ეს კარგი ნაბიჯი იყო?“, - მიმართა წულუკიანმა გახარიას.

გახარიამ სიტყვის გაგრძელება მოითხოვა, თუმცა წულუკიანმა დამატებითი კითხვა დაუსვა: „მინისტრმა არ მოგცათ უფლება გაგეგრძელებინათ თქვენი საქმე?!“

„მინისტრმა საშუალება არ მომცა მეთქი, მე ეს არ მითქვამს, მინისტრმა და კიდევ ვიღაცამ დრო იხელთა“, - აღნიშნა გახარიამ. „თქვენ ხომ ყველას უფროსი გახდით და რატომ ვერ გააკეთეთ ის, რაც ქვეყნისთვის (გინდოდათ)?“, - ჰკითხა წულუკიანმა. „ვიღაცამ დრო იხელთა იქ იმიტომ, რომ გამბედაობა არ ეყო, საქმე ბოლომდე მიეყვანა, ეტყობა „დიპ სთეითიდან“ დაურეკეს“, - თქვა გახარიამ. „თქვენ სად იყავით ამ დროს, პრემიერ-მინისტრი კაცი?“, - ჰკითხა წულუკიანმა. „მე ამ დროს პარლამენტში ვიყავი, დეპუტატების კითხვებს ვპასუხობდი, რომლებმაც მერე ხმა მომცეს, თურმე, „დიპ სთეითის“ დავალებით“, - თქვა გახარიამ „თქვენ იქ იყავით, ხომ, „ნაცებო“ დაგასრულებთო და ახლა „ნაცებთან“ ერთად რომ ხართ კოალიციაში?“, - ჰკითხა წულუკიანმა. „ნაცები“ თქვენი დასასრულებელია, „ნაცები“ თქვენთან არიან, მიქანაძე გყავდათ იქ“, - მიმართა გახარიამ წულუკიანს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები