განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

2020 წელის ეკონომიკური კრიზისის შეჯამება

2020 წელის ეკონომიკური კრიზისის შეჯამება
31-12-2020, 12:48
ავტორი: მერი ტაბატაძე

2020 წელი გამოწვევა იყო ეკონომიკური თვალსაზრისითაც. საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, თითქმის ერთი წელია ქვეყნების ეკონომიკები კრიტიკულ ზღვარზე დგანან.

პანდემიის გამო გაჩერებულმა ბიზნესებმა, ტურიზმმა, შეჩერებულმა ფრენებმა და სხვებმა ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო დააზარალა. ქვეყანაში პერიოდულად არ ფუნქციონირებდა მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესები, დაიხურა კურორტები და სხვები.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ეკონომისტები გამუდმებით საუბრობდნენ იმაზე, რომ „კოვიდ19“-ის გავრცელების შესაჩელებლად მიღებული ზომები გავლენას მოახდენდა ეკონომიკაზეც, ეფექტი კი მყისიერი არ იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ასეც მოხდა.

2020 წელი და უმუშევრობა

2020 წელსაც კვლავ პრობლემად რჩებოდა უმუშევრობა. გაჩერებულმა ბიზნესებმა ადამიანთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დატოვა. მთვარობამ ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომლიც ერთ-ერთი პუნქტიც სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარება იყო, თუმცა აღნიშნული დახმარება რიგ შემთხვევებში ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკამაყოფილებლადაც არ იყო საკმარისი. მსოფლიო მასშტაბით უმუშევრობის დონე კორონაპანდემიის პერიოდში იზრდებოდა და გამონაკლისი არც საქართველო იყო. მაგალითისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

2020 წელი ინფლაცია

2020 წელი საყურადღებო იყო ინფლაციის მხირვაც. გაზრდილი ფასები პროდუქტზე და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუარესება არახალია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ მხრივ 2020 წელი განსაკუთრებით საყურადღებო იყო. პანდემიისგან გამოწვეულმა კრიზისი პერიოდულად პროდუქტზე ფასის ზრდას იწვევდა. მთავრობა მთელი წელი გასცემდა დაპირებას, რომ 9 პროდუქტზე ფასები არ გაიზრდებოდა. ამ ჩამონათვალში იყო პურიც, თუმცა ვნახეთ, რომ ბოლო თვების განმავლობაში თონის პურზე ფასი იზრდებოდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

გაუფასურებული ლარი

ბოლო წლებია ქვეყანა არამყარი ვალუტის იმედზეა. თუმცა ქვეყანაში შექმნილი კორონაკრიზისის ფონზე ლარი გაუფასურებას სისტემატურად განაგრძობდა და ხშირ შემთხვევაში ანტირეკორდებსაც ამყარებდა. საცავებიდან გასაყიდად გამოტანილი დოლარი, რომელიც ლარის გამყარებას უნდა მომსახურებოდა, უმეტესად ამას ერთი, მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში ახერხებდა. ჟურნალისტების კითხვაზე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის დირექტორს მაგალითისთვის სხვა ქვეყნის გაუფასურებული ვალუტები მოჰყავდა შესადარებლად. მთელი 2020 წლის მანძილზე ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 3 ლარიან ნიშნულს არ ტოვებდა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ევროსთან მიმართებაში 4-ს კი აჭარბებდა ხოლმე.

2020 წელი და გაჩერებული ტურიზმი

პანდემიის გავლენა განსაკუთრებით შეეხო ისეთ სექტორებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდათ ეკონომიკაში - ეს იყო ტურიზმის სექტორი, რომელიც ეკონომიკის, დაახლოებით, 10%-ს შეადგენდა. გარდა იმისა, რომ საქართველოში ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, უდიდესი ზიანი მიადგა თავად სექტორსაც, რომელსაც წლები დასჭირდება იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის ნიშნულს, სავარაუდოდ, 2024 წელს დაუბრუნდება. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაუხურლმა კურორტები კიდევ უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა როგორც სექტორისთვის, ასევე სფეროში დასაქმებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც შემოსავლის გარესე დარჩნენ.

2020 წელი და საქართველოს ეკონომიკის ვარდნა

2020 წელს საქართველოს ეკონომიკას ძირითადად კლების ხასიათი ჰქონდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, თებერვალში - 2.2 პროცენტი. მარტში საქართველოს ეკონომიკის კლებამ 2.7, აპრილში - 16.6, მაისში - 13.5, ივნისში - 7.7, ივლისში - 5.5, აგვისტოში -5.3 პროცენტი შეადგინა, სექტემბერში - 0.7 პროცენტი, ოქტომბერში კი 3.9 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის გაჯანსაღება და პროგნოზები

როდესაც გაჩერებულია ტურიზმი, ფრენები, სარესტორნე და სავაჭრო ბიზნესები, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. უკვე გამოითქვა ვარაუდები, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, შესაძლოა შემდეგი „დიდი დეპრესია“ იყოს.უკვე გამოითქვა ვარაუდებიც, თუ რამდენი პროცენტით მოხდება სამომავლოდ ეკონომიკის ზრდა. ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, უკვე გამოაქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აღნიშნულ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. მაგალითად სსფ-ის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ასევე 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, როგორც 2020-2025, ასევე, 2021-2025 წლებში, საქართველოს ევროპასა და რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. როგორც უკვე აღვნიშნე, მსგავსი წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის პროგნოზითაც 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 6%-ით შემცირდება.

სხვადასხვა ორგანიზაციები განსხვავებულ პროგნოზს აქვეყნებენ. ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა, ნაადრევია, რადგან ეკონომიკის აღდგენის პროცესი დამოკიდებულია მსოფლიოში მიმდინარე კორონაპანდემიასთან.

გაზიარება
მოინახულეს 160-ჯერ
კომენტარები