არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დღეს, 15:11 - 2025
107
       

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის ქმედებებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფსკრული გააჩინა და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს უფრო დააშორა.

„9 მაისს ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ევროპის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 75 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ერთიანი ევროპის კონცეფციას, რომელიც მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და თანასწორობის იდეას განასახიერებს. ეს დღე განსაკუთრებულია საქართველოსთვისაც, რადგან ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული მიზანი – ევროპული ინტეგრაცია – ასახავს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, გახდეს თავისუფალი, დემოკრატიული, უსაფრთხო და განვითარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

უკვე მეორე წელია, რაც საქართველო ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილია და ევროპის დღესაც, ფორმალურად, კანდიდატი ქვეყნის რანგში ხვდება. თუმცა, რეალურად, ამ ორი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის ქმედებებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფსკრული გააჩინა და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს უფრო დააშორა.

2023 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 6 თვეში, ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულად გამოაცხადა საქართველოში რეპრესიული კანონების მიღებისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო. სტატუსის მიღებიდან 1 წლის თავზე კი თავად „ოცნების“ რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადავადების შესახებ. ამით „ოცნების“ რეჟიმის მმართველმა გუნდმა, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, დემონსტრაციულად უარი თქვა იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც 2023 წლის გაფართოების ანგარიშში ევროკავშირმა საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად განსაზღვრა. იმისათვის, რომ დღეს საქართველოსათვის, მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად, მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გახსნილიყო, ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა კრიტერიუმები, რომელიც ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 9 ნაბიჯით იყო გათვალისწინებული. ეს წინაპირობები მოიცავდა სასამართლო რეფორმას, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან გამკლავებას, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებლის გაზრდას, პოლარიზაციის დაძლევას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და ა.შ.

ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის განსაზღვრული სწორედ ამ წინაპირობების შესრულებას უწოდა საქართველოს მთავრობამ შანტაჟი და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. არადა, სწორედ ეს გზა განვლეს ჩვენამდე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა და ასეთივე კრიტერიუმების შესრულებას სთხოვენ დღესაც გაწევრიანების გზაზე მყოფ კიდევ არაერთ ქვეყანას.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და პირობითობის პრინციპს ეფუძნება, კანდიდატი ქვეყნების კრიტერიუმებთან შესაბამისობა გაწევრიანების ყველა ეტაპზე მკაფიოდ გაწერილი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლის დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებს ენიჭება.
კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნა ამ პროცესის ერთ-ერთი საფეხურია, და მასზე გადასასვლელად, კონკრეტული წინაპირობები უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, როდესაც „ქართული ოცნება“ უარს ამბობს მოთხოვნების შესრულებაზე და ამავდროულად გამოთქვამს მზაობას, დღესვე ხელი მოაწეროს მოლაპარაკებების გახსნას, თუკი ეს შემოთავაზება ევროკავშირის მხრიდან გაკეთდება, მას მიზანმიმართულად შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

გარდა რეფორმებზე უარისა, „ოცნების“ რეჟიმმა გადადგა ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე, რომელმაც ვითარება არაერთი მიმართულებით დაამძიმა. „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიტაცება, დააინიციირა და მიიღო რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას, დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, მოქალაქეების დაშინებასა და შევიწროებას. რამდენიმე თვეა, უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან პროტესტში მონაწილე ადამიანები და მედიის წარმომადგენლები. ყოველივე ეს კი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ, დემოკრატიულ მომავალს.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მტრულ ძალებად შერაცხა ევროკავშირის წევრი-ქვეყნები და ევროკავშირი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტად რჩება, მათ შორის ადგილზე სადამკვირვებლო მისიის ოპერირებით.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ რეჟიმმა რადიკალურად შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი და ევროინტეგრაციის ტრაექტორია, ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა მტკიცე ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ და მათ დასაცავად ბრძოლის მზაობა. ამის დადასტურებაა უწყვეტი პროტესტი ქალაქების ქუჩებში 160 დღის განმავლობაში.

დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას ევროპული ერთიანობის მრავალწლიანი წარმატებული ისტორიის შესახებ, რომელიც ეფუძნება პროგრესს, მრავალფეროვნებას, კულტურული თუ რელიგიური იდენტობის ურთიერთპატივისცემას, სოლიდარობას, თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას და სადაც დაცულია თავისუფალი საზოგადოება, ადამიანური ღირსება და მშვიდობა.

საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია. სწორედ ამიტომ, ამ გზაზე ვალდებულად ვთვლით საკუთარ თავს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, გავაგრძელოთ ბრძოლა საერთო ევროპული ღირებულებების დასაცავად და ევროკავშირის სივრცეში დასამკვიდრებლად“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი CSF
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI
  3. საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS
  4. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI
  5. ევროპის ფონდი
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA
  7. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI
  9. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  10. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  11. ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC
  12. დემოკრატიის მცველები DEMDEF
  13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR
  14. ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC
  15. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
  16. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT
  17. სამოქალაქო იდეა
  18. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI
  19. საფარი
  20. უფლებები საქართველო
  21. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი wisg
  22. საქართველოს მომავლის აკადემია
  23. სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
  24. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი EECMD
  25. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  26. მწვანე ალტერნატივა
  27. ყვარლის ევროკლუბი
  28. ქართული ინსტიტუტი
  29. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები