„MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის - ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან“,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „MEGOBARI აქტის“ მიღებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „MEGOBARI აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
„გუშინ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, უდიდესი უმრავლესობით „MEGOBARI აქტი“ მიიღო, რაც ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევაა. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძვის. მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ - 168 კონგრესმენი „რესპუბლიკელია“, ხოლო 181 „დემოკრატი“. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ეს გახდება საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის განმსაზღვრელი. იცით, რომ „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და აშშ-ის ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს. „მეგობარი აქტის“ მიღება, ასევე ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან - 26 ოქტომბრის არჩევნებზე, სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით, უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ, ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი - ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი დგას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.