„საქართველოს ჰყავს უმხდალესი ხელისუფლება“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის ჩაგდებას.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას.
„საქართველოს ჰყავს უმხდალესი ხელისუფლება. შალვა პაპუაშვილმა დღეს დაწერა საკუთარი პოლიტიკური ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ მოვა და სხდომას არც კი გახსნის. სავარაუდოდ, ალბათ, დარბაზის კარსაც არ გაგვიღებენ. ის სამართლებრივი სისულელეები, რაც დღეს მან ისაუბრა, ყოველგვარ ზღვარს სცდება“, - განაცხადა თამარ კორძაიამ „ფორმულასთან“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციამ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თაობაზე პრეზიდენტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის მიუხედავად, გუშინ გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადა, რომ სხდომას არ დაესწრებოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების გარეშე კვორუმი ვერ შედგება, მეგობარი ქვეყნის საკითხზე რიგგარეშე სესია დიდი ალბათობით ჩავარდება.