„იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო“, - მამუკა მდინარაძე და „ოცნების“ სხვა წევრები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას აღარ გეგმავენ.
ნაცვლად ამისა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამებაში, პარაკლისზე შეიკრიბნენ.
„დღევანდელ დღეს ცდილობენ პროვოკაციები და დაპირისპირება შემოიტანონ. ჩვენ, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ მათ სურათის დადგმა, რომელიც მართლა ძალიან ცუდი იქნებოდა - იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად, გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციის მოწყობა უნდოდათ. არ ავყევით, ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში, პარაკლისზე, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გუშინ, 22:00 საათიდან რეჟიმის პატიმრების მშობლები შეიკრიბნენ. შეკრებილების გეგმა იყო მემორიალთა არ მიეშვათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. აქციის იდეის ავტორი და ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეა.