ჭიათურის მაღაროში აცხადებენ, რომ ფინანსური კრიზის გამო მუშაობას სრულად აჩერებენ

ჭიათურის მაღაროში აცხადებენ, რომ ფინანსური კრიზის გამო მუშაობას სრულად აჩერებენ

31-10-2024, 23:13 - 2024
3 611
       

ჭიათურის მაღაროს განცხადებით, ჭიათურაში საწარმო პროცესის სრულად შეჩერების მიზეზი სოფელ შუქრუთში „მოსახლეობის რადიკალური პროტესტია“.
 
განცხადების თანახმად, ამ წლის მარტის თვიდან, კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო წარმოების 70 %-ის შეჩერება იძულებით მოუწია, „რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა“.
 
„სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა
 
აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ. ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70 %-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.
 
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს. შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა. გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები