„კოალიცია ცვლილებისთვის“ აჭარის ოფისში საგანგებო განცხადება კეთდება.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში დარღვევები დაფიქსირდა და ამ დროისთვის უკვე 30 საჩივარია დაწერილი.
კერძოდ, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორ-ორი ბიულეტენის გაცემა, ხმის მიცემის აპარატების ხარვეზები, აგიტაცია და კომისიის წევრის ხმის მიცემის პროცედურაზე დასწრება.
„როგორც ვიცით მნიშვნელოვანი დღეა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა და მინდა მოგახსენოთ, ამ დროისთვის, ბათუმში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო ბათუმში ხმის მიცემა დაიწყო დარღვევებით. ამ დროისთვის, დაწერილია 30 საჩივარი უკვე, ჩვენი წარმომადგენლების მიერ. კერძოდ, გვაქვს ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებთან საქმე, როგორიცაა ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის მიცემა, მაშინ, როდესაც ვიცით, რომ თითო ადამიანი 1 ხმით სარგებლობს. ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორ-ორი ბიულეტენის გაცემა. ჩვენ გვაქვს ამის ვიდეომტკიცებულება და ამასაც მოგაწვდით საზოგადოებას და ამ ყველაფერზე დაწერილია საჩივარი.
ბათუმის მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით, საბოლოო ჯამში, მე04 უბანზე ერთი აპარატი გამოვიდა მდგომარეობიდან და ამ წუთის მდგომარეობით 2 აპარატით მიმდინარეობს ხმის მიცემა და გვესმის იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი აქტივობაა, ამ დროისთვის, ყოველივე შემთხვევისთვის ასე ჩანს. უბნებზე რიგებია, 2 აპარატით ხმის მიცემა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ჩვენი ამომრჩევლებისთვის.
ქობულეთში, კერძოდ გორგაძეების საარჩევნო უბანზე, სოფლის გამგებელი, რომელიც დამკვირვებლის ბეიჯით არის შესული ღიად და საჯაროდ ეწევა აგიტაციას.
ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უშუალოდ ესწრებოდა ხმის მიცემის პროცედურას, როდესაც ერთ ერთი ამომრჩეველი აძლევდა ხმას უბანზე.
ჩვენ გვინდა ამ დარღვევებთან დაკავშირებით საზოგადოებამ იცოდეს, მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდებთ ჩვენს წარმომადგენლებს, გვინდა რომ საზოგადოებას მივმართოთ მაქსიმალურად დიდი აქტივობისკენ. ერთადერთი დაზღვევა რაც გაყალბებას შეუშლის ხელს არის ამომრჩეველთა დიდი ოდენობით საარჩევნო უბნებზე მისვლა და მოვუწოდებთ ცესკოს დაუყოვნებლივ აღმოიფხვრას ის ხარვეზები. ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ არჩევანის გაკეთების უფლება ისე როგორც წესი და რიგია“, - აცხადებს ქამადაძე.