„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მოადგილემ, თათია ნიკოლაიშვილმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათივე თქმით, „ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები.
მჟავანაძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მოპარვას კრიმინალების მეშვეობით ცდილობს. საუბარია მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებზე, რომლებიც „ოცნებამ“ ციხიდან გაათავისუფლა.
„ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე ნონიაშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე ჰქონდა სასჯელი და სამუდამო პატიმრობას იხდიდა და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუშვა.
ასევე არის ვინმე გიორგაძე, რომელიც ასევე დამნაშავეა და რამდენჯერმეა ნასამართლევი და სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით ის ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები, თუმცა ეს სია არის უფრო დიდი, ვიდრე ეს რამდენიმე ადამიანია“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.