ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მივიდნენ.
როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, ისინი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის მოსასმენად მივიდნენ, რომ ე.წ. ტექნიკური მთავრობის საკითხი და „ქართულ ქარტიაში“ შემავალი საკითხების შესრულების პროცესი განიხილონ.
პრეზიდენტთან შესახვედრად ორბელიანების სასახლეში დღესვე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო.
პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, რომელთაც გამოუცხადეს „სრული მხარდაჭერა პროცესს“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.