ნაციონალური მოძრაობა: პუტინის გადაწყვეტილება მიმართულია საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ

ნაციონალური მოძრაობა: პუტინის გადაწყვეტილება მიმართულია საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ
22-02-2022, 10:23 - 2022
399

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას გმობს.

პარტიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევის, არამედ საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ.

„ეს არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თავად ირჩევენ, რომელ საერთაშორისო ალიანსებში გაერთიანდებიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პუტინის არაკანონიერ და აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება დასავლური სახელმწიფოების გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება. თავისუფალი სამყაროს კოორდინირებულ პასუხი – რუსეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება გამოიწვევს აღიარების საფრთხეების მინიმიზაციას, შეაკავებს რუსეთის სამხედრო აგრესიას და შექმნის წინაპირობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა