2021 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 18 მლნ დახარჯა, „ენმ“-მ 3 მლნ, „ლელომ“ კი 2.5 მლნ

2021 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 18 მლნ დახარჯა, „ენმ“-მ 3 მლნ, „ლელომ“ კი 2.5 მლნ

21-02-2022, 15:25 - 2022
564
       

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მუნიციპალური არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა.

კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100 000 ლარი შესწირეს.

როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო გარემოს აზიანებს.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლები:

  • 13-მა საარჩევნო სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 27.8 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, ამ თანხის 65% - 18 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე - „ქართული ოცნება“ მოდიოდა. 3 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი - „ლელო“ 2.5 მლნ  ლარით;
 
  • სუბიექტების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 85% (23.7 მლნ ლარი) კერძო (შემოწირულებები და საბანკო სესხი) დაფინანსებაზე მოდიოდა და მხოლოდ 15% (4.1 მლნ  ლარი) იყო სახელმწიფო დაფინანსება;
 
  • 13 საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო პერიოდში შემოწირულება მხოლოდ 11-მა მიიღო ჯამში 22.1 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 15.7 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 71%) „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 2.5 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო მესამეზე - 2.3 მლნ ლარით „ლელო” იყო;
 
  • დამატებით გავაანალიზეთ 13 პარტიის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით  მიღებული შემოწირულებები, რამაც  ჯამში 26 მლნ ლარი შეადგინა:   73% - 18.9 მლნ ლარი „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, მეორე იყო  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  2.8 მლნ ლარით, ხოლო მესამე - „ლელო” 2.4 მლნ ლარით. პარტიების დონორების დაახლოებით მესამედს იმაზე მეტი ჰქონდა შეწირული, ვიდრე საშუალო წლიური ნომინალური ხელფასია საქართველოში (2021 წლის III კვარტლის მონაცემებით, დაახლოებით 16,422 ლარი). ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 80% მოდიოდა, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს;
 
  • საბანკო სესხით მხოლოდ ორმა სუბიექტმა ისარგებლა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” 12 ნოემბერს ბანკი „ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა 1.5 თვის ვადით 13.75%-იანი განაკვეთით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები