„იდიოტები არიან - მაშინ, როცა „ქოცები“ გმართავენ, იცი, ქვეყანაში როგორ ხდება პოლიტიკური კორუფცია და ამ დროს ჩემს შემოწმებას იწყებ, რომელსაც პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ერთი კაპიკი არ უშოვია, ხვდები, რა ტიპის ფარისევლები არიან“, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანტიკორუფციულო ბიურო 30 ოპოზიციონერის, მათ შორის, მისი დეკლარაციის შესწავლას იწყებს.
ხვიჩია აცხადებს, რომ მზად არის მათთან საჯარო დისკუსიისთვის.
„იდიოტები არიან, ვერ ხვდებიან, რომ არანაირი ფული, ქონება, სამწუხაროდ, არ მიშოვია პარლამენტში რომ შემოვედი. წინა წელს არ მოეწონათ ჩემი შევსებული დეკლარაცია და დამაჯარიმეს. იმავეს აკეთებენ ახლა, თითქოს კუდიანებს ებრძვიან. მე მზად ვარ - ნებისმიერი მათგანი გამოვიდეს საჯარო დისკუსიაში, რა აღმოაჩინეს, მართლა მაინტერესებს რა ნახეს. მაშინ, როცა „ქოცები“ გმართავენ, „ქოცები“ გნიშნავენ, იცი ქვეყანაში როგორ ხდება პოლიტიკური კორუფციის ამბავი და ჩემს შემოწმებას რომ იწყებ, რომელსაც ერთი კაპიკი არ უშოვია, რაც პარლამენტში შემოვიდა, პირიქით, ჩემი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა ამ პროცესში, ამ დროს ხვდები რა ტიპის ფარისევლები არიან სინამდვილეში ეს ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერი გინდა მედიასაშუალებები და პოლიტიკური აქტორები“, - განაცხადა ხვიჩიამ.